თავი 1
ბურჟუაზიული ფიზიონომიები
პროვინციის ზოგიერთ ქალაქში შეხვდებით სახლებს, რომელთა გარეგნობა ადამიანს ისეთ მელანქოლიას ჰგვრის, როგორსაც ყველაზე უფრო პირქუში მონასტრები, ყველაზე უფრო უფერული ტრამალები ან ყველაზე უფრო სევდიანი ნანგრევები იწვევენ ხოლმე. შესაძლებელია, ამ სახლებში მართლაც იყოს ერთდროულად მონასტრის მყუდროება, ტრამალების უდაბურება და ნანგრევების ჩონჩხი. სიცოცხლე და მოძრაობა აქ იმდენად მოდუნებულია, რომ გარეშე პირს ისინი დაუსახლებელი ეგონება, თუ ხანდახან უძრავი ადამიანის ფერმკრთალ და ცივ თვალებს არ წააწყდება, როდესაც ნახევრად მონაზვნური სახე ფანჯრის რაფიდან გადმოიხედავს ხოლმე უცნობი ფეხის ხმაურზე.
მელანქოლიის ამ ძირითადი თვისებებით ხასიათდება ერთ-ერთი სახლიც სომიურში. ეს სახლი ციხე-კოშკისკენ მიმავალი ქუჩის ბოლოში მდებარეობს ქალაქის ზემო ნაწილში. თვით ქუჩა, ამჟამად მივარდნილი, ზაფხულში ცხელი, ხოლო ზამთარში ცივი და ადგილ-ადგილ ბნელი, ღირსშესანიშნავია მუდამ მშრალი და სუფთა, წვრილი რიყის ქვაფენილით, თავისი ვიწრო კლაკნილი გზით და თავისი მყუდრო სახლებით, რომლებიც ძველი ქალაქის ნაშთს წარმოადგენენ და ქალაქის სიმაგრეებს გადმოჰყურებენ.
ეს სამსაუკუნოვანი ხის შენობები ჯერ კიდევ ფეხზე დგას და მათი გარეგნობის სხვადასხვაგვარობა ხელს უწყობს იმ თავისებურებების აღქმას, რომელსაც სომიურის ეს ნაწილი, სიძველის მოყვარულთა და ხელოვანთა ყურადღებას იპყრობს. ძნელია, გვერდი აუარო ამ შენობებს ისე, რომ არ დატკბე უზარმაზარი მუხის ძელებით, რომელთა ბოლოებზეც უცნაური სახეებია გამოსახული და რომლებიც ამ სახლების ქვედა სართულის უმეტეს ნაწილს შავი ბარელიეფებით აგვირგვინებს. აქ განივი ძელები დაფარულია ფიქალით, რომელიც ცისფერ ზოლებად მოჩანს შენობის კედლებზე. ეს შენობები დროთა განმავლობაში ძირს დაწეული სახურავებით ბოლოვდება, რომელთა ზედაპირი შელახულია მზისა და წვიმის მონაცვლეობითი ზემოქმედებით. აქ ნახავთ გადახეხილ, ჩაშავებულ ფანჯრის რაფებს, ოდნავ შესამჩნევი, მოხდენილი ჩუქურთმებით, რომლებიც, ალბათ, მეტად მსუბუქნი იქნებოდა თიხის ქოთნისთვისაც კი, საიდანაც რომელიმე გლეხი ქალის მიხაკისა თუ ვარდის ყლორტებს ამოუყვიათ თავი. შემდეგ დაინახავთ უზარმაზი ლურსმნისთავებით მორთულ ჭიშკარს, სადაც წინაპრების გენიამ გვაროვნული იეროგლიფები გამოსახა და რომელთა შინაარსი ალბათ არასოდეს იქნება ბოლომდე ამოცნობილი. რომელიმე პროტესტანტმა თუ ჩაწერა აქ თავისი აღსარება, ანდა ლიგის რომელიმე წევრმა თუ დაწყევლა ანრი IV. ან იქნებ რომელიმე მოქალაქემ ამოჭრა აქ თავისი საგვარეულო ნიშნები თავისი დავიწყებული ეშევენისწოდებისა. მთელი საფრანგეთის ისტორიაა აქ წარმოდგენილი. მერყევი სახლის გვერდით, რომლის კედლები ოსტატის ხელოვნების უკვდავმყოფელი ტლანქი ბათქაშითაა დაფარული, ამართულია აზნაურის სასახლე, სადაც ქვის ჭიშკრის სვეტზე კიდევ შეამჩნევთ 1789 წლის შემდეგ მომხდარი რევოლუციების მიერ დამსხვრეული გერბის კვალს. ამ ქუჩაზე ქვედა სართულებზე ვერ ნახავთ დუქნებსა და საწყობებს. შუასაუკუნეთა ტრფიალნი კი იპოვიან ჩვენი წინაპრების ხელშეუხებელ ალაფხანას მთელი თავისი გულუბრყვილო უბრალოებით.
ეს დაბალი, უდახლო, უდარაბო, უმინო დარბაზები ღრმა და ბნელია და მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას. უხეშად რკინაგადაკრული ორმაგი შესასვლელი კარი მუდმივად ღიაა, მისი ზედა ნაწილი შიგნით იკეცება, ხოლო გარე, ზამბარიანი ზარით აღჭურვილი - განუწყვეტლივ იღება და იხურება. ამ ნესტიან მღვიმეში სინათლე და ჰაერი ან კარს ზემოთ დარჩენილი, შემინული ადგილიდან აღწევს, ანდა - კედელში მდებარე სივრციდან. ამ კედლის ჭრილებში გამაგრებულია მყარი დარაბები, რომლებსაც დილაობით ხსნიან, ხოლო საღამოობით ისევ თავის ადგილს მიუჩენენ ხოლმე და ამაგრებენ ჭანჭიკებიანი რკინის ურდულებით. ეს კედელი საქონლის დასალაგებლად არის განკუთვნილი. სავაჭრო სახეობის მიხედვით აქ ნახავთ მარილითა და თევზით პირამდე სავსე ორ თუ სამ ყუთს, რამდენიმე შეკვრა საიალქნე ტილოს, თოკს, ძელებზე ჩამოკიდებულ სპილენძის ჭურჭლებს, კედლის გასწვრივ მიყუდებულ სალტეებს, თაროებზე კი მაუდის რამდენიმე მეტრიან ხვეულას.
თუ შიგნით შებრძანდებით, სქელ-სქელი, თავზე თეთრტილოწაკრული, წითელმკლავებიანი, სუფთად ჩაცმული ახალგაზრდა ქალი ქსოვას თავს ანებებს და მშობლებიდან ერთ-ერთს უხმობს. ისინი კი გულგრილად ან თავაზიანად, ანდა ქედმაღლურად (მათი ხასიათის მიხედვით) მოგყიდიან ორი სუს ან ოცი ათასი ფრანკის ღირებულების საქონელს.
აქვე დაინახავთ მუხის ტკეჩების გამყიდველს, რომელიც კართან ზის, თითებს ათამაშებს და მეზობელს ესაუბრება. ერთი შეხედვით მას თითქოს არაფერი გააჩნიაო უხეირო ტკეჩებისა და ორი თუ სამი კონა ყავრის გარდა, სინამდვილეში კი, ნავსადგურში მისი ხე-ტყის საწყობი ამარაგებს ყველა ანჟუელ მეკასრეს. მას თითოეულ ფიცრამდე აქვს გამოანგარიშებული, თუ რამდენი კასრი მოიმარაგოს ყურძნის უხვი მოსავლის შემთხვევაში; მზის სხივი გაამდიდრებს, ავდარი გააკოტრებს: ერთ მშვენიერ დღეს ღვინის კასრების ღირებულება თერთმეტი ფრანკიდან ექვს ლივრამდე შეიძლება დაეცეს.
აქაც, როგორც ტურენში, ბუნების ცვალებადობაზე დიდადაა დამოკიდებული კომერციული ცხოვრება. მევენახეები თუ მიწათმფლობელნი, ხე-ტყის ვაჭარნი თუ მეკასრეები, სასტუმროების მფლობელნი თუ გემის პატრონები - ყველანი მზის სხივს დარაჯობენ. საღამოს კი მიაშურებდნენ ხოლმე საძინებელ ოთახს იმის შიშით, ვაითუ, ღამით ყინვა დაგვაცხრეს თავსო.